- ეჭვმიტანილის უფლებები
- 1. ეჭვმიტანილს უფლება აქვს: ა) დაკავებიდან არა უგვიანეს 12 საათისა ხელზე მიიღოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ იმ დადგენილების ასლი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რაშია იგი ეჭვმიტანილი; ბ) მისცეს ან არ მისცეს ჩვენება; გ) ისარგებლოს დამცველის მომსახურებით მასთან შეთანხმებით, ანაზღაურების დანიშვნით ან ანაზღაურებისაგან სრული განთავისუფლებით მე-80 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; დ) პირისპირ შეხვდეს დამცველს მარტო, დღეში არა უმეტეს ერთი საათისა; ე) მისი მონაწილეობით დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს უფასოდ ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის ან სათანადოდ არ იცის სამართალწარმოების ენა; ვ) ეჭვმიტანილად პირველივე დაკითხვის შემდეგ მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა; ზ) განაცხადოს შუამდგომლობანი და აცილებანი; თ) წარმოადგინოს მტკიცებულებანი; ი) მონაწილეობა მიიღოს მისი ან დამცველის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში; კ) პროკურორს ან მოსამართლეს წარუდგინოს საჩივარი მოკვლევის ორგანოს, მომკვლევის ან გამომძიებლის მოქმედებისა თუ გადაწყვეტილების გამო; ლ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნათესავებსა და ახლობლებს დაკავების ადგილი ან ადგილსამყოფელი; მ) მიიღოს ანაზღაურება ზიანისათვის, რომელიც მას მიადგა სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ და დაუსაბუთებლად აღძვრისა და დაკავების შედეგად; ნ) მიიღოს მომკვლევისაგან ან გამომძიებლისაგან ამომწურავი განმარტება თავისი უფლებების შესახებ.Source: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
Georgian encyclopedia. 2013.